ღვინო ყოველთვის მნიშვნელოვანთან ასოცირდება!
დაბადების,სიყვარულის და ბედნიერების აღნიშვნასთან. რა მოხდებოდა, 8000 წლის წინ ვინმე უსახელო ქართველს ნალოლიავები ვენახიდან რთველში ნაკრეფი ყურძნის მტევნები რომ არ დაეწურა და ღვინო რომ არ დაბადებულიყო?
როგორ დავიმახსოვრებდით სიცოცხლეს, რომ არა ღვინო?
ალბათ, ასე ფიქრობდა ის მეღვინეც, რომელმაც პირველი ყურძენი დაკრიფა, დაწურა და ტკბილი წვენი განგებ შეკაზმულ ჭურჭელში შეინახა. ვარაუდობენ, რომ პირველი ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო წითელი, ბლანტი, დაბალალკოჰოლიანი სასმელი, რომელშიც შესაძლებელია სხვა ხილის წვენიც ყოფილიყო შერეული.
დიახ, ჩვენმა წინაპრებმა კაცობრიობას აჩუქეს კულტურა, რომელსაც მთელ დედამიწაზე ერთი სახელი - ღვინო ჰქვია. ეტიმოლოგები ფიქრობენ, რომ თავად სიტყვა ღვინო „ღვივილისგანაა“ წარმოქმნილი, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღივდება.
ნეოლითის ხანაში დაწყებული ღვინის ისტორია იწყება ვაზის რამდენიმე წიპწის აღმოჩენით. ოღონდ არა ველური ყურძნისა, არამედ ადამიანის მიერ მოშინაურებული და ნაფერები ყურძნის წიპწიდან. გარდა ამისა, ნამოსახლარზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტზე ღვინის მჟავის არსებობამ დაადასტურა, რომ ჭურჭელში ერთ-ერთი პირველი რთველიდან წარმოებული ღვინო ესხა.
მას შემდეგ დღემდე საქართველოში 8000 რთველი ჩატარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კეთილშობილი სითხე 8000-ჯერ დაიწურა და 8000-ჯერ განმეორდა უკვდავი რიტუალები.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ მოდა და ტენდენციები ყველაზე მეტად ღვინის განვითარების ისტორიას ემთხვევა. მაგალითად, ანტიკური ბერძნები და რომაელები მაღალსპირტიან, სქელ ღვინოებს აყენებდნენ. საქართველოში, ვახუშტი ბატონიშვილის ეპოქაში ნაზი, ატენური ღვინო ფასობდა, რომელიც თამამად შეიძლება ცქრიალა ღვინის წინაპრად ჩაითვალოს; მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში ძლიერი, მუხით გაჯერებული წითელი ღვინოები იყო მოდური; დღეს კი, მთელ მსოფლიოს უახლეს ტრენდად, არც მეტი, არც ნაკლები, ქვევრში დავარგება მოედო - მცირე, საოჯახო მარნები სწორედ ამ, უცხოელებისთვის მანამდე უცნობი მეთოდით აყენებენ ღვინოს; სწორედ იმ მეთოდით, რომელითაც იწყება ღვინის ისტორია და რომელიც ქართველმა მეღვინეებმა მსოფლიოს აჩუქეს.
საბჭოეთის გავლით...
საბჭოეთმა ქართული ღვინოც მარწუხებში მოაქცია, იყო სტანდარტი, იყო გეგმა - ხშირად გადაჭარბებული, რასაც მრავალფეროვნება და ხარისხი ეწირებოდა. მაგრამ ასევე იყო „სხვა“ ქართული ღვინო! ისევე როგორც კულტურა...
თხუთმეტივე საბჭოთა რესპუბლიკა სიცოცხლეს ქართული ღვინით იმახსოვრებდა! მაგრამ ისევე როგორც ყველაფერი ჯადოსნურისთვის, ამ დალოცვილი სითხისთვისაც საზღვრები არ არსებობდა.
ქართული ღვინო ყველა საბჭოურ კანონს არღვევდა! ვერ გააჩერეს, ვერ გაასამართლეს, ვერ გადაასახლეს, ვერ დახვრიტეს! ღვინო თავისთავად განვითარებას არ წყვტდა და ამიტომაც ბელადს დააბრალეს ქართული ღვინის სიყვარული (მანამდე ეს იმპერატორს ბრალდებოდა) და სავიზიტო ბარათად აქციეს.
ბარათი ქარმა წაიღო და დედამიწა მოატარა.
ესეც სამტრესტის რუქა! ასე მოძრაობდა იმ ეპოქაში ქართული ღვინო, სახალინიდან მურმანსკამდე, ფინეთიდან ინდოეთამდე, და რკინის ფარდის ორივე მხარეს-კუბაზეც და ამერიკაშიც, დიახ, ცივი ომი-ომად, რკინის ფარდა-ფარდად, ქართული ღვინო კი ღვინოდ რჩებოდა და ასე იყო რუზველტიდან რეიგანამდე.
-"თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? მეცნიერები საქართველოში მარსისთვის სრულყოფილ ყურძენზე ნადირობენ" - ამ სათაურით 2019 წლის 7 იანვარს, ამერიკული გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" ემი ფარის-როტმანის სტატიას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ქართველი მეცნიერები უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ ვაზის რომელი ჯიში უნდა გაიგზავნოს მარსზე”
"თუ ერთხელაც მარსზე ცხოვრებას დავაპირებთ, საქართველომ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა დედამიწას ღვინო მისცეს, იგივე შეგვიძლია მარსზეც გავაკეთოთ" - ეუბნება "ვაშინგტონ პოსტს" ნიკოლოზ დობორჯგინიძე, საქართველოს კოსმოსის კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი,
ქართული ღვინო მარსიანელებსაც გააბედნიერებს და ვიღაც, შუა ხნის მამაკაცი ალბათ მომავალი 8000 წლის შემდეგ დაჯდება და იმ მილენიუმელებისთვის მოკლედ მოყვება როგორ დაიწყო ქართული ღვინის მარსისთვის ანტიკური ისტორია საბჭოეთის გავლით, უკვე ალბათ სატურნამდე.